ოთარ გრიგოლია: ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გავიაროთ უსაფრთხოდ

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ ურყევ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს უსაფრთხო ევროინტეგრაცია, გავიაროთ დანის პირზე და ვანახოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ერთი მხრივ შესაძლებელია საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სუვერენიტეტი და მეორე მხრივ, გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის გზა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციებზე მდგომი ხალხის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ოპოზიციის ის სახეები, რომლებიც აქციებზე ჩანან, შესაბამისად, ამ პროცესებს ელექტორალური ასახვა არ ექნება.

„ოპოზიციის კომიკურობა გამოჩნდა დღეს პირდაპირ ეთერში. ხალხის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ის სახეები, რომლებიც დღეს იქ აქციაზე მივიდნენ. ეს გამოხატეს კიდეც ღიად და რამდენიმე ტელეკომპანიას მოუწია ეთერის გათიშვა, რომ მაყურებლისთვის არ დაენახებინათ.

ჩემი აზრით, ყველაზე სწორი, რაც შეიძლება გააკეთონ იმ ძალებმა, რომლებიც მედიატორის როლის თამაშს ცდილობენ საქართველოში, არის ის, რომ დაიწყონ საუბარი იმ საერთო შეხების წერტილებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. საქართველოში ბენეფიციარი ამ პროცესების არ არიან ოპოზიციური პარტიები. ელექტორალური ასახვა ამ პოლიტიკურ პროცესს ვერ ექნება ფიზიკურად, შეუძლებელია. იმ ხალხის დიდი ნაწილისთვის, რომელიც ქუჩაში დგას, მიუღებელია ის პოლიტიკური კლასი, რომელიც ცდილობს თავისი კაპიტალიზაცია მოახდინოს. მეორე მხრივ, ისინი აუცილებლად ეცდებიან ამ საერთო ვნებათაღელვის საკუთარ კაპიტალიზაციად დაწერას. ეს როგორ გამოუვათ ამას ვნახავთ არჩევნებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ ურყევ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს უსაფრთხო ევროინტეგრაცია, გავიაროთ დანის პირზე და ვანახოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ერთი მხრივ შესაძლებელია საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სუვერენიტეტი და მეორე მხრივ, გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის გზა“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მომავალში არსებული გეოპოლიტიკური პროცესები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს მათ შორის აშშ-ში, მნიშვნელოვნად შეცვლის დასავლეთის რიტორიკას საქართველოსთან მიმართებაშიც.

ასევე იხილეთ