სოზარ სუბარი: ოპოზიციის წარმომადგენლები ჯიმ ო’ბრაიენსთან შეხვედრაზე ითხოვდნენ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას. ამაზე მეტი მტრობა რა შეიძლება იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოპოზიციის წარმომადგენლების მოღალატეობა. მათ საქართველო არ აინტერესებთ, რადგან უცხო ქვეყნის აგენტები არიან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ოპოზიციისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენსის შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ტირილით სთხოვდნენ ო’ბრაიენს, საქართველოსათვის და მისი ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენსა და პრემიერის შეხვედრაზე სანქციებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, თუმცა სანქციებზე საუბარი, როგორც ხმა გამოვიდა, იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მათგანვე გაირკვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას. იმაზე მეტი მტრობა რა შეიძლება იყოს, როდესაც საქართველოს მოქალაქე, ქართველი პოლიტიკოსი ითხოვს ქვეყანას და ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესოს სანქციები რომელიმე უცხო ქვეყანამ, განსაკუთრებით როცა მეგობარ ქვეყანაზეა საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოპოზიციის წარმომადგენლების მოღალატეობა. მათ საქართველო არ აინტერესებთ. ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტები.
როგორც აღვნიშნე, პრემიერთან სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. არც „რუსული კანონი“ და ის იარლიყები უხსენებია, რომელთა კანონზე მიწებებასაც ასე ცდილობენ. ამ იარლიყების მიწებებაში თავის დროზე დიდი როლი შეასრულა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა. ერთ – ერთ ღია შეხვედრაზე მას კითხეს, თუ რატომ საუბრობდა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, როგორც რუსულ კანონზე, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ კანონში არაფერია რუსული. ელჩმა უპასუხა: ჩვენ ვიტყვით, რომ რუსულია და შემდეგ თქვენ იმტვრიეთ თავიო,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.