ვახტანგ სიხარულიშვილი: სისტემა მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს
„ქართული ბანკების აქციების ფასებთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო მოკლევადიანი მოლოდინების შედეგი და არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს, რომ რაიმე ნეგატიურზე ვიფიქროთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის უფროსმა ვახტანგ სიხარულიშვილმა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების („თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“) აქციების ფასის გუშინდელ ცვლილებას.
რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია მოკლევადიანი რყევები, რამდენად საგანგაშოა ვითარება, რაც ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურებას მოჰყვა და როდის დაუბრუნდება ბაზარი ჩვეულ რეჟიმს, სიხარულიშვილი აღნიშნავს, რომ ზოგადად, საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებზე ზეგავლენას ორი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს. ესენია როგორც შიდა და გარე ფაქტორები, ისე მაკროეკონომიკური ფაქტორები, მათ შორის, ორგანიზაციის სპეციფიკური მახასიათებლები და ა.შ.
„ვფიქრობთ, რომ დროებით მოვლენასთან გვაქვს საქმე და ამ კუთხით არანაირი გამოწვევის წინაშე არ ვდგავართ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, აქციის ფასებს სხვადასხვა დინამიკით მოძრაობა ახასიათებს, თუმცა, ეს მოსახლეობისთვის წუხილის საფუძველი არ უნდა იყოს. მით უფრო, რომ აღნიშნული, ბაზრისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუ დავაკვირდებით, ბოლო რამდენიმე თვეს, იგივე ქართული ბანკების აქციების ფასები საკმაოდ მაღალ ნიშნულამდე იყო ასული. ასე, რომ ბუნებრივ სიტუაციასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს სიხარულიშვილი.
კითხვაზე, რამდენად მდგრადია ქართული საბანკო სისტემა მსგავსს სიტუაციებში, რა განაპირობებს მდგრადობას და როგორია კომერციული ბანკების პოზიცია მსგავსს სიტუაციაში, სიხარულიშვილი აცხადებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ მდგრადად და სტაბილურად ფუნქციონირებს. ქართულ ბანკებს გააჩნიათ კაპიტალის და ლიკვიდობის საკმაოდ მაღალი ბუფერები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის და განგრძობითობის შენარჩუნებითვის.
„ამ კუთხით ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. საზედამხედველო მოთხოვნები ეროვნული ბანკის მიერ საკმაოდ მაღალ დონეზეა დაწესებული კაპიტალის თუ სხვა მოთხოვნების კუთხით, სისტემა მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს. ბოლო წლების განმავლობაში, თუკი რაიმე ნეგატიურ მოვლენას შეეჯახა სისტემა, უპრობლემოდ მოახერხა ამ გამოწვევების გადალახვა და ნორმალურ რეჟიმში გააგრძელა ფუნქციონირება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ სისტემა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება ფინანსური მაჩვენებლების კუთხით, მომგებიანობა საკმაოდ სტაბილურია და არანაირი საფუძველი და რისკები ამ კუთხით ჩვენ არ გვიდგას.
ასევე ისტორიულად მაღალ დონეზეა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები და ლიკვიდობის კუთხითაც სისტემაში საკმაოდ სოლიდური პოზიციები გვიჭირავს, დაახლოებით 17 მილიარდ ლარამდეა ლიკვიდური აქტივების მოცულობა, ასე რომ არანაირი წუხილის საფუძველი მომხმარებლებს საბანკო სისტემის მიმართ არ უნდა გააჩნდეთ“, – აცხადებს სიხარულიშვილი.
მისი განმარტებით, სიმშვიდის საფუძველი საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რადგან ეროვნულ ბანკში საზედამხედველო ჩარჩო და პროცესი, საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის ორგანიზებული. მეტიც, მიდგომები და საკანონმდებლო ბაზა სრულად ეფუძნება ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის და ევროდირექტივის მოთხოვნებს.
როგორც სიხარულიშვილი აცხადებს, ზოგადად, მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ნორმალურად გამოიყურება. ბოლო სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო, ასევე სოლიდურად გამოიყურება საგარეო შემოდინებები, კარგ დონეზეა შენარჩუნებული ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალის დონეც საკმაოდ მდგრად დონეზეა.
„როგორც მოგეხსენებათ, ინფლაცია, მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე ქვევითაა და სხვა თანაბარ პირობებში იგივე მოლოდინი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ასევე შენარჩუნდება. ჯამურად რომ ვთქვათ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებლად გამოიყურება“, -აცხადებს სიხარულიშვილი.