„იუნისტრიმი“ საქართველოში ოპერირების განახლების შესახებ აცხადებს, ქართული ბანკები უარყოფენ
რუსულმა საგადახდო სისტემამ „იუნისტრიმმა“ საქართველოში ფულადი გზავნილების გატარება განაახლა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ ე.წ. რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის ფულადი გადარიცხვები ახლა უფრო გაუმარტივდებათ“, – ციტირებს მედია კავერინას.
GBC-ის კითხვაზე, განახლდა თუ არა „იუნისტრიმის“ განაღდებები? „თიბისი ბანკში“ პასუხობენ, რომ ამ ეტაპზე არ ხორციელდება.
იგივე უთხრეს GBC.GE-ს „საქართველოს ბანკშიც“ – ამ ეტაპზე ამ სისტემით გზავნილების განაღდება არ ხდება. ანალოგიური პასუხი გასცეს „ლიბერთი ბანკშიც“.
საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია.