გიორგი კახიანი: პრეზიდენტს კონსტიტუცია ავალდებულებს, ვეტო მოტივირებული შენიშვნებით იყოს წარმოდგენილი, იმედი მაქვს, კონსტიტუციას ამჯერად მაინც არ დაარღვევს
„პრეზიდენტს კონსტიტუცია ავალდებულებს, ვეტო მოტივირებული შენიშვნებით იყოს წარმოდგენილი. იმედი მაქვს, კონსტიტუციას ამჯერად მაინც არ დაარღვევს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, კანონთან დაკავშირებით არგუმენტები თუ იქნება წარმოდგენილი, მზად არიან, იმსჯელონ.
„პრეზიდენტის კონსტრუქციულობის იმედი არ მაქვს და ამ თვალსაზრისით, მისგან რაიმე პოზიტიურს არ ველოდები. რასაც ვხედავთ, პრეზიდენტის მიზანია მდგომარეობის რადიკალიზაცია, მეტი დაძაბულობის შემოტანა და ჩიხური მდგომარეობის შექმნა. იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის პოზიციას ამჯერად მაინც შეიცვლის. თეორიულად და სამართლებრივად მართლაც თუ შესაძლებელია, რაიმე კონკრეტული არგუმენტი არსებობდეს, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მივიღოთ. ვნახოთ, პრეზიდენტი როგორ მოიქცევა. მან თქვა, რომ ვეტოს წარმოადგენს, მაგრამ კონსტიტუცია ავალდებულებს, ვეტო მოტივირებული შენიშვნებით იყოს წარმოდგენილი. იმედი მაქვს, კონსტიტუციას ამჯერად მაინც არ დაარღვევს და ვეტოში წარმოდგენილი იქნება შენიშვნები. რთულად წარმომიდგენია, რა შენიშვნები უნდა იყოს, რადგან არ მესმის, გამჭვირვალობის შესახებ რა არგუმენტები შეიძლება, არსებობდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ და ვნახოთ, რას იტყვის. დასკვნაში თუ ვნახავთ, რომ რაიმე სამართლებრივად არგუმენტირებული არსებობს, მზად ვართ, მასზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 15 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა: „მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს“.