ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის
„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყოვლადწმინდა სამების ტაძართან შეკრებილ მრევლს.
„ქრისტე აღსდგა! გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენი ძვირფასი ქვეყნის თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე, ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის დღე, მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არის ძალიან ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის და რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა.
რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მისი იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია გავერთიანდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ სიყვარულით ადამიანებს შორის. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.