ნათია თურნავა: ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ევროპაში

“რაიმე კრიტიკული და განსაკუთრებული, რაც ჩვენს საფინანსო სექტორს დაემუქრებოდა, ნამდვილად არ არსებობს. ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ევროპაში”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ გასულ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასების ცვლილების შეფასებისას.

ნათია თურნავას განცხადებით, ამ თემაზე აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი და ამის უკან რეალური ეკონომიკური მიზეზი არ დგას.

„ყველა კეთილსინდისიერმა ექსპერტმა იცის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკების აქციების ფასს ახასიათებს მერყეობა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერი სიახლე, ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ასევე თავად ბანკების შესახებ, ყველაფერი მყისიერად მოქმედებს აქციებზე და თუ გადახედავთ ბოლო პერიოდს, ნახავთ, რომ მათი აქციების ფასი ხან იზრდება, ხან მცირდება.

მაგალითად, ამ წლის დასაწყისში „საქართველოს ბანკის“ აქციები ივაჭრებოდა 37-40 ფუნტად ანუ იმაზე უფრო დაბალ ფასში, ვიდრე დღეს არის. ამ შემცირების შემდეგ ისევ დაიწყო აღდგენა ფასმა და დღეს 41 ფუნტი იყო. ანუ რაიმე კრიტიკული და განსაკუთრებული, რაც ჩვენს საფინანსო სექტორს დაემუქრებოდა, ნამდვილად არ არსებობს. ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ევროპაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ ბანკებს 16,7 მილიარდი ლარის ლიკვიდური აქტივი გააჩნიათ და ნებისმიერ სერიოზულ კრიზისს აღუდგებიან წინ.

“მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და რეალურად შოკი იყო, მოხდა აქციების ფასის ვარდნა 40%-ით ანუ ორჯერ და უფრო მეტად მყისიერი ვარდნა, ვიდრე ამ რამდენიმე დღეში დავინახეთ ჩვენ და ამანაც არ განაპირობა ჩვენი საბანკო სისტემის შერყევა, რადგან ის არის ძალიან ძლიერი, კარგად კაპიტალიზირებული, საკმარისი ლიკვიდობის ბუფერები, მომგებიანი. ჩვენი ბანკების მოგება გასულ წელს 2,7 მილიარდი ლარი იყო. ფასის ეს მოკლევადიანი რყევები არანაირად არ აისახება ჩვენი საბანკო სისტემის გადახდისუნარიანობაზე და მის მედეგობაზე შოკების მიმართ და მით უფრო ლარის კურსთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ასევე იხილეთ