ბენიამინ ნეთანიაჰუ: ბენი განცის მოთხოვნების შესრულება ისრაელის დამარცხებას და მძევლების მიტოვებას ნიშნავს
“ბენი განცის მოთხოვნების შესრულება ომის დასრულებას და ისრაელის დამარცხებას ნიშნავს”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.
„თუ განცი ნამდვილად ანიჭებს პრიორიტეტს ეროვნულ ინტერესებს და არა მთავრობის დამხობას, მან უნდა უპასუხოს სამ კითხვას: სურს თუ არა რაფაჰში ოპერაცია ბოლომდე მიიყვანოს და თუ ასეა, რატომ იმუქრება საგანგებო მთავრობის დატოვებით ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის მიმდინარეობისას? ეწინააღმდეგება თუ არა პალესტინის მმართველობას ღაზაში, თუნდაც მასში მაჰმუდ აბასი არ იყოს ჩართული? დაუჭერს თუ არა მხარს პალესტინის სახელმწიფოს, როგორც საუდის არაბეთთან ნორმალიზაციის პროცესის ნაწილს?”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნეთანიაჰუს აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ღაზის სექტორში პალესტინის ხელისუფლების შეყვანას და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც აუცილებლად იქნება ტერორისტული სახელმწიფო.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი ითხოვს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 8 ივნისამდე ჩამოაყალიბოს ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შეეხება ღაზის სექტორის საკითხს, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცი თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანს.