მეთიუ მილერი: აშშ კენიაში აქციების დროს დაფიქსირებულ ძალადობას გმობს
შეერთებული შტატები კენიაში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას გმობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას, რომელიც დაფიქსირდა ნაირობიში და კენიის გარშემო საპროტესტო აქციების დროს. ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ, რათა აღდგეს წესრიგი, და დიალოგისთვის სივრცის უზრუნველყოფისკენ“, – განაცხადა მილერმა.
კენიის დედაქალაქ ნაირობიში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ. სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მიზეზი კენიაში გადასახადების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივა გახდა.