გურამ მაჭარაშვილი: ვენეციის კომისია სამართლიანის ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა
“ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებენ – ახლა გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თუ არა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვენეციის კომისია სამართლიანი დასკვნების ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა. ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს მოუწოდებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. ახლა გამოვიდეს ოპოზიცია თავისი ლგბტ დროშით და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, თუ არა. ამას ისინი ვერ გაექცევიან და ვერც გაექცნენ დღემდე. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მხოლოდ ქალი და კაცი არის ოჯახი, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კაცი და კაციც უნდა იყოს ოჯახი, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ახლა ოპოზიცია ეთანხმება ვენეციის კომისიის ამ დასკვნას თუ არა, გამობრძანდნენ და თქვან. თუ დუმილს შეინარჩუნებენ, დუმილი თანხმობის ნიშანია და ის ლგბტ დროშა კიდევ უფრო დიდად აფრიალდება ოპოზიციის რიგებში,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.