მამუკა მდინარაძე: 25 წლის ასაკში დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო და 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, აშშ-ში რომ კანონი მოქმედებს ისეთის გაცილებით ლოიალური ვერსიის მიღების და გამოტანის გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია 65 წლის რომ ვიქნები წაკითხვის გამო თოფს არ მესვრის ვინმე
„ამერიკელებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ, რომელსაც თავის დროზე ერთი ნაციც არ დაუსანქცირებია, ხალხი, რომელიც სისტემებს ქმნიდა, რომლებიც ქუჩაში კლავდნენ და ციხეში აუპატიურებდნენ და რაღაც მიწურებში ქალებს და მამაკაცებს, რომლებმაც შექმნეს უბინძურესი და უსასტიკესი რეჟიმი, განცხადებაც კი არავის გაუკეთებია რომელიმე მათგანის, ამ სისტემის ხელმძღვანელების დასანქცირებაზე და ლაპარაკობენ ჩვენ დასანქცირებაზე იმ კანონის მიღების გამო, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და რანაირი სამართალია ეს, კაცმა არ იცის და რას ემსახურება, მოდი, დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, თავად არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა და ამას მხოლოდ ერთ-ერთი ოპოზიციური არხი აჟღერებს.
„25 წლის ასაკში მე პირადად დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო და 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, 20 წლის შემდეგ, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ კანონი მოქმედებს, ისეთის, გაცილებით ლოიალური ვერსიის მიღების და გამოტანის გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო თოფს არ მესვრის ვინმე ან ავტომატს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.