ხვიჩა კვარაცხელია: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ
„პორტუგალიას ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ვაფასებთ მეტოქეს”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები მოედანზე მოგებისთვის გავა.
„რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებული ვართ, ვიდრე პორტუგალია, რომელიც ჯგუფიდან უკვე გასულია. ჩვენთვის მსგავს ნაკრებთან თამაში ასეთ ვითარებაში კარგი გამოცდილებაა. ალბათ, ბევრი იმასაც ვერ იჯერებდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო, მაგრამ აქ ვართ და პორტუგალიასთან მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეგვიძლია. ყველაფერი შესაძლებელია, 1% შანსიც რომ გქონდეს, უნდა გამოიყენო და მაქსიმუმს ვეცდებით, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ. მზად ვართ და ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, – აცხადებს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.