შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის იდეის არმქონე, არაკომპეტენტური ადამიანების ჯგუფი, რომლებიც იყურებიან გარეთ, რა იდეებს შესთავაზებენ – ბოიკოტი გამოუცხადეს ფეხბურთელების წარმატების ერთობლივად აღნიშვნას
„ეს არის იდეის არმქონე, არაკომპეტენტური ადამიანების ჯგუფი, რომლებიც იყურებიან გარეთ, რა იდეებს შესთავაზებენ – დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს ფეხბურთელების წარმატების ერთობლივად აღნიშვნას”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ვისურვებდი, რომ ხვალ, პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიცია პარლამენტის დარბაზში იყოს და აჩვენოს საზოგადოებას რა აქვს სათქმელი და შეუძლია თუ არა დებატებში შემოსვლა პრემიერთან, მთავრობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან. სამწუხაროდ ოპოზიციას თავისი გზა აქვს. დღეს, ამ სიხარულშიც კი არ იყვნენ სხდომათა დარბაზში. მათ ბოიკოტი გამოუცხადებს ფეხბურთელების წარმატების ერთობლივად აღნიშვნას. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
სპორტში წარმატება შემთხვევითი არ არის. ეს არის რუტინული შრომის, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთისთვის ყურადღების მიქცევის შედეგი. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გვქონდა: ე.წ. ნეოლიბერალიზმი, ბაზარი ყველაფერს მოაწესრიგებს და ასე მიუდგნენ სპორტს, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას, სამედიცინო სფეროს და საბოლოოდ ყველა სფერო დაანგრიეს. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 10 წლის განმავლობაში გააკეთა არის ის, რომ ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა სტრატეგიულ მიმართულებებზე, ჩვენ ახლა ვიწყებთ პირველი ნაყოფის მოწყვეტას. ეს არის შედეგი სახელმწიფოს მუშაობისა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ძირითადი პრობლემაა კომპეტენციის ნაკლებობაა.
„მათ არ აქვთ კომპეტენცია და იდეა. ეს არის იდეის არმქონე, არაკომპეტენტური ადამიანების ჯგუფი, რომლებიც იყურებიან გარეთ, რა იდეებს შესთავაზებენ და ამაზე არიან აწყობილები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს, ირაკლი კობახიძე პარლამენტში 28 ივნისს წარადგენს.