ესპანური გამოცემა Relevo „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარის მიმართ ტოპკლუბების დამოკიდებულების ცვლილებაზე წერს.
„გიორგი მამარდაშვილი მომდევნო კედელია, რომელთან შეჯახებაც მორატას, ნიკო უილიამსსა და ლამინ იამალს მოუწევთ. ქართველმა დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ასეთად ხედავდნენ მას „მესტალიაზე“ და ამიტომ იყო, რომ „ვალენსიამ“ უარი თქვა ნიუკასლის მიერ მის სანაცვლოდ შეთავაზებულ 25 მილიონზე.
ქართველით ისეთი წამყვანი კლუბებიც ინტერესდებოდნენ, როგორებიც „ჩელსი“ და „ბაიერნი“ არიან და ლოგიკურად ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ვალენსიას“ მეკარე ევროპის ერთ-ერთ გრანდში უნდა აღმოჩენილიყო. მაგრამ ეს არ მოხდა, პრობლემა კი, რომელიც მამარდაშვილს ტრანსფერში აქამდე ხელს უშლიდა, დღეს უკვე აღარ არსებობს.
ის ტოპკლუბები, რომლებიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მამარდაშვილით ინტესდებოდნენ, სასურველ მოთამაშეთა სიების სათავეში ქართველ მეკარეს იმ უბრალო მიზეზის გამო არ აყენებდნენ, რომ ეჭვობდნენ, როგორ შეძლებდა ის საკუთარი თავის დიდ სცენაზე წარმოჩენას.
ბაიერნს, მანჩესტერ იუნაიტედსა თუ სხვა კლუბებს, აშფოთებდათ ის, რომ მამარდაშვილს ევროპულ არენაზე არასდროს ჰქონდა ნათამაშები. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დაინტერესებული კლუბები „ვალენსიას“ მოთხოვნილი მაღალი საფასურის გაღებას ერიდებოდნენ. მაგრამ იმ თამაშის გათვალისწინებით, რასაც ახლა გოლკიპერი ევროპის ჩემპიონატზე აჩვენებს, მანტრა გამქრალია. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ ჩეხეთთან მატჩში მან MVP-ის წოდება დაიმსახურა, ის კრიშტიანუ რონალდოს პორტუგალიასთან გადამწყვეტ მატჩშიც გამარჯვებული გამოვიდა – არცერთი გაშვებული გოლი, 5 სეივი. ჯგუფური ეტაპის სამ თამაშში მას ჯამში 22 სეივი ჰქონდა.
ევრო 2024-ზე მამარდაშვილის ბრწყინვალე გამოსვლამ უკვე შეაზანზარა ბაზარი. მადრიდის ატლეტიკოს გარდა, რომელიც მას ობლაკის შემცვლელად განიხილავს, ინტერესს წლიდან წლამდე ინარჩუნებს მიუნხენის ბაიერნიც. მათ გარდა, დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე რამდენიმე კლუბია ინგლისის პრემიერლიგაში, რომლებიც ახლო მომავალში მეკარესთან დაკავშირებით შეთავაზებას ამზადებენ. ვალენსია კი მოლაპარაკების დაწყებას დაახლოებით 35 მილიონი ევროდან განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. მომდევნო მეტოქე ესპანეთია“, – წერს Relevo.