top_leaderboard

ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2024“ გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2024“ შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.

„სტუდფესტი 2024“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს.

ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია – საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი, რომელმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

საგანმანათლებლო პროექტები მოიცავდა ინტელექტუალურ შეჯიბრებას სტუდენტებს შორის, დებატებს, City Game-ს, ესეების კონკურსს თემაზე – საქართველო და ევროპა, STEM მარათონს.

სპორტული მიმართულებების ფარგლებში გაიმართა: 3X3- ზე კალათბურთი, ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა, ნარდი, ჭადრაკი, შაში, ფრენბურთი, მინი ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, კარტინგი, ბოულინგი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, პეინტბოლი, შვიდკაცა რაგბი, ჯომარდობა, ფუტსალი.

კულტურის მიმართულებით ჩატარდა: ქართული ცეკვების კონკურსი, თანამედროვე სიმღერის კონკურსი – სოლო შემსრულებლები, თანამედროვე სიმღერის კონკურსი – დუეტები, მუსიკალური ბენდების კონკურსი, ქართული ლიგა, თანამედროვე ცეკვების კონკურსი, ხალხური სიმღერის კონკურსი.

მოხალისეობის კომპონენტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტის გუნდებმა განახორციელეს მოხალისეობრივი პროექტები, ხოლო ინტერმედიის კონკურსის ფარგლებში კი საუნივერსიტეტო თეატრებმა წარმოადგინეს სპექტაკლები.

ასევე იხილეთ