„რომ არა ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო ადრეც, მთელი ამ 12 წლის მანძილზე, ჩვენი ეკონომიკა თუ არის დღეს 30 მლრდ დოლარი, თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო მინიმუმ 35 მლრდ დოლარი, შეიძლება ყოფილიყო 40 მლრდ დოლარიც კი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ნებისმიერი ასეთი ხელოვნური პოლიტიკური პროცესი წარმოადგენს ერთგვარ მუხრუჭს ეკონომიკური განვითარებისთვის.
„რომ არა ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო ადრეც, მთელი ამ 12 წლის მანძილზე, ჩვენი ეკონომიკა თუ არის დღეს 30 მლრდ დოლარი, თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო მინიმუმ 35 მლრდ დოლარი, შეიძლება ყოფილიყო 40 მლრდ დოლარიც კი. ამის განსაზღვრა ზუსტად არის რთული, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვექნებოდა მინიმუმ 5-მილიარდ დოლარიანი ბონუსი იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვიწევდა ასეთი ხელოვნური კრიზისების პირობებში ქვეყნის მართვა. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პრინციპული იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, არის სწორედ ეს, რომ ასეთი ხელოვნური მუხრუჭი არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. არ შეიძლება შავი ფულით, დაფარული ფულით ხდებოდეს ქვეყანაში არეულობის მხარდაჭერა, ქვეყანაში ისეთი პროცესების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.
დღეს ვსაუბრობდი ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვანია სტრატეგიული და ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით, ეს არის ქვეშეთი-კობის პროექტი. გაიჭრა უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი და აქაც იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნური საბაბით ცდილობდა ამ პროექტის დაბლოკვას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული. პირდაპირ, მიზანმიმართულად, კონკრეტული ორგანიზაციები ცდილობენ დაბლოკონ სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები. ამიტომ, ეს ხელოვნური მუხრუჭი არ არის მხოლოდ ზოგადი თემა, კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, როდესაც დაბრკოლებას უქმნიდნენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
გახსოვთ ის პროცესები, რომლებიც ნამახვანის ჰესის გარშემო განვითარდა. ესეც იყო პირდაპირ გამიზნული ხელოვნური მუხრუჭი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის სურდათ კონკრეტულ ადამიანებს დაბრკოლებების შექმნა. მე ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობის კანონი ბევრ ამ პრობლემას მოაგვარებს და ნაკლები მუხრუჭი ექნება ჩვენი ქვეყნის ზოგად განვითარებას და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მომავალში. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა პრემიერმა.