top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რამხელა ღირსებით და ბრძოლის ჟინით შეუძლია ქართველებს ბრძოლა

„ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს კიდევ სხვა თვალით გააცნო. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს რამხელა ღირსებითა და ბრძოლის ჟინით შეუძლიათ ქართველებს ბრძოლა. მათ ახალი ისტორია დაწერეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით გამოვიდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უპრეცედენტო ისტორია დაიწერა წყალბურთში, ხელბურთში, რაგბიში, კალათბურთში და ფეხბურთში და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის კვალდაკვალ ხდება.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 10 %-მდეა და ეს იმის ფონზე, როდესაც აქტორები ხელოვნურად ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედან მათი დავალების მიმცემებიც, რომ ქვეყანა მუდმივი ტურბულენტობის ზონაში იმყოფებოდეს.

„ამის ფონზე, განსაკუთრებით საამაყო და გასაკვირია ის, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამ ზრდის ტემპით ევროპაში ვართ პირველები, არათუ ვუსწრებთ მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ, ევროპაში პირველები ვართ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როცა ჩვენსავით არავინ ყოფილა დარტყმის ობიექტი. სიღარიბე 30%-დან 12%-მდე შემცირდა და ეს არის კონკრეტული მაჩვენებელი, რომელზეც საუბრობს არა მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, არამედ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამ პროცესებთან დაკავშირებით. არ არსებობს დღეს სფერო, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან სერიოზული პროგრესი არ გვაქვს“, – განაცხადამამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ