მამუკა მდინარაძე: როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
„2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის. თუ ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად, მოცემულობაშივე ნიშნავს გარანტიას, რომ ჩვენ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით გამოვიდა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ყველაზე უწინ ეკუთვნოდა, თუმცა უსამართლოდ დაიჩაგრა და მოგვიანებით მიიღო ეს სტატუსი.
„ჩვენ გვქონდა უსამართლო მოცემულობა – კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა ყველაზე უწინ და მივიღეთ ყველაზე გვიან. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვირჩევნია 1-2 წლით გვიან მივიღოთ რაღაც, მათ შორის, ევროპული – ვიდრე ცალ ფეხზე დაგვაყენონ, დაგვაჩოქონ, თითი გვიქნიონ, მითითებები ვასრულოთ და მივიღოთ რაღაც – დროზე ადრე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, პარლამენტის და მთავრობის წევრებმა, უნდა გაითავისონ ის გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს.
„უნდა გავითავისოთ იმდენად, რომ ეს უნდა იყოს წარუშლელი გენეტიკური კოდი სამომავლო პერსპექტივაში, რომ საქართველოს 2003-2012 წლებისგან განსხვავებით, მართავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება. დღეს, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოში და არა მის ფარგლებს გარეთ დაწერილი თუ დაუწერელი სპონტანური სცენარებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო იქნება ორი გამოწვევის წინაშე – ერთი, უკვე „საუკუნის აფიორად წოდებული“ კამპანია: „არა რუსულ კანონს“, რომელიც ჩავარდა და მეორე – „არჩევნები გაყალბდა“.
„ქართველი ხალხი დეზინფორმაციას არ ექვემდებარება და ამიტომ არის, რომ ქვეყანა მყარად დგას ორ ფეხზე და ღირსებით. ნამდვილი, გულწრფელი სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს, რაც იქნება იმის ხარჯზე, რომ საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებიდან იზოლაცია მოხდეს.
„მაშინ როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, უბრალოდ, ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში და ამ უპრეცედენტო ღალატზე ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციირებით და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო ამორიცხულიყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია საერთაშორისო საზოგადოებიდან. შენ გაბრალებენ და თვითონ იღვწიან იმისთვის, რომ ეს გააკეთონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.