top_leaderboard

დავით მათიკაშვილი: ეროვნული ნაკრები ძალიან დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში

“ამ ევროპის ჩემპიონატის მიღმაც ეს თაობა, ეს ბიჭები, ეს ეროვნული ნაკრები ძალიან დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში და ამის მომსწრე ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით”,  – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მგონი, ამდენი გულწრფელი სიხარული და ემოცია საქართველოს უკვე დიდი ხანია ერთად არ გამოუხატავს. ის დიდი სიხარული, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აჩუქა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართველს, განურჩევლად იმისა, ფეხბურთის გულშემატკივარია ის თუ არა. ასეთი ცოტა თუ მგონია რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ სრულიად საქართველო ასე გახარებული დიდი ხანია არ ყოფილა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ყველა ამ დიდი საქმის შემადგენელ ნაწილს, რომელმაც ჩვენი ნაკრების ესოდენ დიდი წარმატება გამოიწვია და ამ დონემდე მიიყვანა. ამ გამორჩეულ გამარჯვებებამდე მიიყვანა, დაწყებული ქვეყნის ხელისუფლებით, რომელიც თავის საქმეს შემართებით და მდგრადად მუდმივად აკეთებდა, გაგრძელებული ფედერაციით და პირადად ჩვენი კოლეგით, ბატონ ლევან კობიაშვილით, რომელმაც ძალიან დიდი საქმე ჩადო და მთლიანად, მთელმა ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის.

ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. კერძოდ, მთავარი მწვრთნელი სანიოლი, რომელიც პირველი ფრანგი აღმოჩნდა სპეციალისტებს შორის, რომელმაც სხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ფინალურ ეტაპზე და ეს არის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ჩვენი მებრძოლი, გმირი ფეხბურთელები, რომლებმაც მართლაც დაწერეს ისტორია და იმ შემართებით აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ მგონი, გაჩერებას ამაზე არ აპირებენ, რისი დიდი იმედიც გვაქვს სრულიად საქართველოს.

ვიცით, ვხვდებით, რომ დიდ მეტოქესთან გვაქვს ხვალ საქმე, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ის პატარა დიდგორი, ბიჭებმა პორტუგალიას რომ მოუწყვეს, ამ ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან სახელით, დამსახურებით, ავტორიტეტით, თასის მაღლა აწევით და ა.შ. ამ დიდ გზას, გამარჯვების გზას გააგრძელებენ და ჩვენ ამისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ასე, რომ მინდა გამარჯვება ვუსურვო ბიჭებს, გამარჯვება ვუსურვო სრულიად საქართველოს. ამ ევროპის ჩემპიონატის მიღმაც ეს თაობა, ეს ბიჭები, ეს ეროვნული ნაკრები ძალიან დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში და ამის მომსწრე ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით”,- განაცხადა მათიკაშვილმა. 

ასევე იხილეთ