ისრაელ კაცი ირანზე: რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს
ისრაელი მზადაა, ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს თუ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას გააგრძელებს, – ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი გაეროში ირანის მისიის განცხადებას, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდე სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, “განადგურების ომი” დაიწყება.
“დღეს ირანი იმუქრება ისრაელის განადგურებით თუ ისრაელი სრულად უპასუხებს “ჰეზბოლას” თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია: თუ “ჰეზბოლა” არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ ვიმოქმედებთ მის წინააღმდეგ მთელი ძალით, სანამ უსაფრთხოება არ აღდგება და მოსახლეობა საკუთარ სახლებში არ დაბრუნდება. რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ლიბანზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს „განადგურების ომით“ დაემუქრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განახორციელებს, დაიწყება განადგურების ომი. ყველა ვარიანტი, მათ შორის, წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა, მაგიდაზეა“, – განაცხადა გაეროში ირანის წარმომადგენლობამ.