top_leaderboard

ინგლისის ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ევრო 2024-ის მერვედფინალში ინგლისის ეროვნული გუნდი სლოვაკეთთან წაგებას მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ბელინგემის გოლით გადაურჩა, გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა – 2:1.

ფაქტები

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ინგლისმა დიდ ტურნირზე პირველ ტაიმში მეტოქის კარში ვერ დაარტყა.
1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად, მატჩის საწყის 17 წუთში ერთი გუნდის სამმა სხვადასხვა მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო.
19 წლის და 72 დღის კობი მეინუ ინგლისის ნაკრების ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე ითამაშა (1998 წელი – ოუენი, 2004 წელი – რუნი).
ინგლისის ნაკრები ბოლო 18 ოფიციალურ შეხვედრაში არ დამარცხებულა.
სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ივან შრანცმა ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძესა და ჯამალ მუსიალას გაუთანაბრდა.
ინგლისის ნაკრების რიგებში, კეინისა და ბელინგემის გარდა, გოლი სხვა ფეხბურთელს ევრო 2024-ზე ჯერ არ გაუტანია.

90+5′ წუთი. ინგლისის ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ საქმეში გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი ჩაერთო, რომელმაც ტურნირის გამორჩეული გოლი გაიტანა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

91′ წუთი (დამატებითი დრო). დამატებული დროის პირველივე წუთზე მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა აივან ტოუნიმ ჰარი კეინს ბურთი თავით გადააწოდა, რომელმაც გოლი ასევე თავით გაიტანა და ინგლისის ნაკრები დააწინაურა.

ინგლისის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 6 ივლისს დიუსელდორფში გაიმართება.

ასევე იხილეთ