top_leaderboard

კახა კალაძე: ჩემთვის გამარჯვებაა, რომ 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით

„წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. სასიამოვნოა, რომ ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები და გვყავს ძლიერი ეროვნული გუნდი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრებს, ბიჭებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში. ჩემთვის გამარჯვებაა ის, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპაზე, 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით და ვაჩვენეთ კარგი თამაში, ვიბრძოლეთ ბოლომდე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ესპანეთის ნაკრებთან.

არ შემიძლია, არ გამოვყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის სამწვრთნელო ჯგუფთან ერთად. მართლა ძალიან ბევრი იშრომა ამ ადამიანმა და ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს მიეღწია წარმატებისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრი გახარებულია, ბევრს გული დაწყდა, მაგრამ ერთი რამ ვიცოდეთ, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, დავმარცხდით, თუმცა გული და სული ჩადეს ბიჭებმა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და სასიამოვნოა ის, რომ ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები და გვყავს ძლიერი ეროვნული გუნდი“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე იხილეთ