ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია ბათუმში ჩაატარა
მიმდინარე წლის 29-30 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 23-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12-კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით, ბათუმის მუნიციპალიტეტში ისარგებლა სამსახურის 163 ბენეფიციარმა, მათ შორის, 48 ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადაეცათ 326 ოპტიკური სათვალე და 11 გლუკომეტრი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის პირველად 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 23 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 2567 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ გადაეცათ 3248 სათვალე;
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.