მიხეილ აბაიშვილი: საქართველო თავაწეული ტოვებს ტურნირს. საქართველო დაბრუნდა!
„საქართველოს ჰყავს ეროვნული ნაკრები, რომელმაც უღირსეულესად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და თავაწეული ტოვებს ტურნირს. ისტორია დაწერილია და ამ სტარტით დაიმედებულებს, ახალი სასიამოვნო თავგადასავლების მოლოდინი გვაქვს. საქართველო დაბრუნდა!” – ამის შესახებ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ყველაზე სწორი შეფასება, რაც წავიკითხე და მოვისმინე, გია ჭიაბრიშვილმა გააკეთა: მოედანზე იყო ორი გუნდი სხვადასხვა წონითი კატეგორიიდან. ამ ესპანეთს ჩვენი საქართველო ობიექტურად ვერ მოუგებს, რაც არ უნდა მრგვალი იყოს ბურთი. ესპანელებს მოედანზე ჰყავდათ 11 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, თანაც ყველა თვალსაზრისით. სამწუხაროდ, უდიდესი სურვილის მიუხედავად, იგივეს დღეს ვერ ვიტყვით ჩვენს ნაკრებზე. თუმცა, პროგრესი იმდენად ნახტომისებურია, რომ მთელი კოპლებიანი პლანეტისთვის ნათელია: საფეხბურთო რუკაზე გაჩნდა ახალი ქვეყანა, რომლის ნაკრები ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი და პატივსაცემი მოწინააღმდეგეა.
შეგვიძლია, ვისაუბროთ იღბალზეც, მსაჯის მიერ ჩათვლილ საკმაოდ საეჭვო პირველ გოლზეც, დენთზეც, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მხოლოდ 1 ტაიმში გვეყო (ესპანეთმა 10 დღე დაისვენა მერვედფინალამდე, ჩვენ კი მხოლოდ 3, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ამ დაპირისპირების ასეთი ანგარიშით დასრულებაში), თუმცა, საბოლოოდ მივდივართ ერთ დასკვნამდე: საქართველოს ჰყავს ეროვნული ნაკრები, რომელმაც უღირსეულესად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და თავაწეული ტოვებს ტურნირს. ისტორია დაწერილია და ამ სტარტით დაიმედებულებს, ახალი სასიამოვნო თავგადასავლების მოლოდინი გვაქვს.
საქართველო დაბრუნდა!” – წერს მიხეილ აბაიშვილი.