როდრი: მეტოქემ აქ ყოფნა დაიმსახურა
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა როდრიმ, რომელიც საქართველოსთან შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იყო მოთმინების თამაში და გაშვებული გოლის შემდეგ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.
„ყველა მატჩი განსხვავებულია, ეს იყო მოთმინების თამაში, ძალიან ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ თამაშისთვის საჭირო მოთმინება, შემდეგ კონტრშეტევაზე გოლიც გაგვიტანეს. ამან გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, ბურთს იოლად ვკარგავდით. შემდეგ მაინც მოვახერხეთ ორგანიზებულად თამაში, ტაიმის ბოლოს გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, რომ ვაჯობეთ საქართველოს ნაკრებს და დამსახურებულად მოვიგეთ.
გოლის შემდეგ თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ, მოთმინება გამოეჩინათ და ნელ-ნელა დავიწყეთ ჩვენი თამაში. მეტოქემ აქ ყოფნა დაიმსახურა, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მანამდე ვუყურეთ ინგლისის თამაშსაც, რომელსაც ასევე გაუჭირდა გამარჯვება.
ვიცოდით, რომ გარკვეული სივრცეები მეტოქის დაცვაში გამოჩნდებოდა, ძალიან კარგი პასი მივიღე ნიკოსგან, ბურთი მარცხენა ფეხზე გადავიტანე და გამიმართლა, რომ გოლი გავიდა“, – აღნიშნა როდრი ერნანდესმა.