top_leaderboard

საფრანგეთის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ძლიერ გუნდს გადაეყარა და რთული შეხვედრა ჩაატარა. ფრანგების მწვრთნელმა შეცვლა გამოიცნო და მატჩიც მინიმალური სხვაობით მოიგო.

დიუსელდორფში ევრო 2024-ის მერვედფინალურ ეტაპზე აფიშით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შეხვედრაში ტურნირის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ბელგიას შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა ჯგუფში თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც ევროს დაწყებამდე ვარაუდობდნენ, ეს მაინც ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი ორი გამორჩეული გუნდის ძალიან საინტერესო დაპირისპირება გამოდგა.

მატჩის სტარტზევე გამოჩნდა, რომ პირველ ნორმად მოედანზე დეშამის გუნდი ითამაშებდა. ბურთს ფრანგები ფლობდნენ და ბელგიელთა საჯარიმოს სიახლოვეს ათამაშებდნენ, მაგრამ მცველებს ზონები იმდენად კარგად ჰქონდათ დაკეტილი, რომ ხშირად მსგავსი შეტევები მხოლოდ შორეული დარტყმებით სრულდებოდა.

პირველ ტაიმში ტედესკოს ბელგიამ თამაში კონტრშეტევაზე ააწყო და ეს კარგადაც გამოუვიდა. გოლის გატანა ვერ შეძლეს, მაგრამ საწყის 25 წუთში ფრანგების ორი საყრდენი ნახევარმცველი გააყვითლეს.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირველი ტაიმი 100%-იანი მომენტის გარეშე დასრულდა.

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი დიდად არ შეცვლილა. “წითელი ეშმაკების“ თამაში კვლავ კონტრშეტევებზე იყო ორიენტირებული. პირველი სახიფათო მომენტი მათი მხრიდან 70-ე წუთზე შეიქმნა, როცა დე ბრუინმა საჯარიმოში მისთვის ჩვეული გადაცემა გააკეთა, ლუკაკუმ კარში დაარტყა, მენიო კი ბელგიელთა პირველ ზუსტ გასროლას კარგად დახვდა.

შეხვედრაში ანგარიში 85-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოსთან ახლოს ფრანგების ბევრ მოკლე გადაცემას და კარგ კომბინაციას ბელგიელთა უყურადღებობა მოჰყვა. შეცვლაზე შემოსული კოლო მუანი საჯარიმოში კარგად გაიხსნა, ბურთიც კარგად დაამუშავა და რიკოშეტის დახმარებით გამარჯვების გოლიც გაიტანა.

მოკლედ, საფრანგეთის ნაკრები 1/4 -ფინალშია. დეშამის გუნდი კვლავ მძიმედ გამოიყურება და მათი ლიდერი კილიან მბაპეც ისე ვერ თამაშობს, როგორ ფეხბურთსაც მისგან ელიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბელგიის ბარიერი დაძლეულია. ახლა “მამლები” პორტუგალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებულს დაელოდებიან.

🟠 საფრანგეთის ნაკრებს ყველაზე მეტჯერ ბელგიის წინააღმდეგ უთამაშია. 76 მატჩის სტატისტიკა ასეთია: 30 მოგება ბელგიას, 27 – საფრანგეთს და 19 ფრე.

🟠 საფრანგეთმა ბელგიას დიდ ტურნირებზე ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოუგო.

🟠 ბელგიამ დიუსელდორფში მე-2 მატჩი დაამარცხა და ორივეში დამარცხდა. პირველად ბელგიელები 2011 წელს ამ სტადიონზე გერმანიასთან დამარცხდნენ.

🟠 რომელუ ლუკაკუმ ევროპის ჩემპიონატზე მე-13 შეხვედრა ჩაატარა, რაც ბელგიელთა შორის საუკეთესო შედეგია.

ასევე იხილეთ