ჯო ბაიდენი: არავინ დგას კანონზე მაღლა, შეერთებული შტატების პრეზიდენტიც კი
დონალდ ტრამპისთვის ნაწილობრივ იმუნიტეტის მინიჭება უსამართლო გადაწყვეტილებად მიაჩნია აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს. გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენმა „საშიში პრეცედენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.
„ეს ერი დაარსდა იმ პრინციპით, რომ ამერიკაში მეფეები არ არსებობენ. თითოეული ჩვენგანი კანონის წინაშე თანასწორი ვართ. არავინ, არავინ დგას კანონზე მაღლა, შეერთებული შტატების პრეზიდენტიც კი. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება თითქმის დარწმუნებით ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ არსებობს შეზღუდვები იმაზე თუ რისი გაკეთება შეუძლია პრეზიდენტს. ადამიანს, რომელმაც ეს ბრბო შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში გაგზავნა, იმ დღეს მომხდარის გამო, პოტენციური სისხლის სამართლის წესით გასამართლება ემუქრება. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხის გაცემას სასამართლოში მომავალ არჩევნებამდე“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს ნაწილობრივი იმუნიტეტის უფლება აქვს და ის დაცულია სამართლებრივი დევნისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იმუნიტეტით სარგებლობს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განხორციელებულ ყველა ოფიციალურ ქმედებაზე, თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ვერდიქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, – წერს დონალდ ტრამპი.