top_leaderboard

ლევან ჟორჟოლიანი: 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელს ექნება საშუალება, მიმართოს გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით

„მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება ღონისძიება, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს“, –  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 22:00 საათზე დაიწყება  ღონისძიება, ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ვაორგანიზებთ ღონისძიებას, გულშემატკივარს ექნება საშუალება მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს. 21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.  ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ“, –  აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ასევე იხილეთ