top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: საქართველომ უნდა მოითხოვოს იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლებიც რადიკალიზაციის წინა ხაზზე არიან

“საქართველომ უნდა მოითხოვოს იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლებიც პოლიტიკური ბრძოლის და რადიკალიზაციის წინა ხაზზე არიან”, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონში პრორუსული არაფერია.

„მიგაჩნიათ, რომ ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაო და როდესაც უცხოელი მაღალი რანგის თანამდებობის პირი რამეს იტყვის, თავდახრილმა, ქედმოხრილმა ვილაპარაკო? ჩემი და სახელმწიფოს პოზიციაა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს. როცა თქვენ რომელიმე უცხოელის განცხადებას უსმენთ – მაგალითად, რუსთაველზე ბალტისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ და განაცხადეს, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედაც რადიკალიზაცია, დესტაბილიზაციაა მისაღები და საჭირო. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სწორედ, ასე იწყებოდა მაიდანი უკრაინაში და ძალიან სწორი და კარგია, როდესაც უცხოელი მაღალჩინოსნები მიტინგებზე გამოდიან და ხალხს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებენ.

თქვენ მათი განცხადებები მოგწონთ და ჩემი განცხადებები არ მოგწონთ. მიგაჩნიათ, რომ ისინი არის სიტუაციის განმკარგველები საქართველოში და მე არაფერს წარმოვადგენ. გინდათ, თავი დავხარო, თავზე ნაცარი გადავიყარო და ვთქვა, რომ რამეში დამნაშავეები ვართ – არაფერში. საქართველომ უნდა მოითხოვოს იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლებიც პოლიტიკური ბრძოლის და რადიკალიზაციის წინა ხაზზე არიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონში პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ