გიორგი გველესიანი: ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები, ჩვენ შეუძლებელი შევძელით

“ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები. სრულიად შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ, ჩვენ შეუძლებელი შევძელით, ამას არავინ მოელოდა”,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა “ქრონიკასთან” განაცხადა.

“მე პირადად ჩემს ღრმა ოცნებებშიც ვერ ვიოცნებებდი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში წარმომედგინა როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევრო ასპარეზზე. წარმოდგენებში შეიძლება, გამეთამაშებინა ფინალური ეტაპიც, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო. არასდროს დამიყრია ფარხმალი და ვაგრძელებდი მუდმივად ჩემი მიზნებისთვის და ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლას.

ჩემმა ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ მომიწია გადახვეწა ირანში – სრულიად სხვა ქვეყანაში, საიდანაც გაცილებით უფრო გართულდა ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლა, თუმცა ირანშიც გავიარე შვიდწლიანი ძალიან რთული გზა. განვითარების რაღაც ეტაპზე გავედი და იქაც ისეთ გუნდში ვთამაშობ და ისეთი შედეგები მაქვს, რომ ორჯერ გავხდი ირანის ჩემპიონი, ირანის თასის მფლობელი, სუპერ თასის მფლობელი, წლის საუკეთესო მცველი. აი ამ შედეგებმა, კარგი გაგებით აიძულა მწვრთნელი [სანიოლი] ჩემთვის ყურადღება მოექცია.

ვილი არის შესანიშნავი ადამიანი. მასზე არანაირი გავლენა არ აქვს სხვა ძალებს. ის არის სრულიად ობიექტური. არის ძალიან დიდი ფსიქოლოგი, სპორტული გაგებით. ვილიმ მომცა ეს [ნაკრებში თამაშის] შანსი, დამაკვირდა და უკვე ფინალურ ეტაპზე, ვგულისხმობ ევროპის ჩემპიონატამდე, მონტენეგროსთან თამაშზე, მან მატჩის წინ თქვა, რომ მე ვიცი რომ გიორგი ამ შანს გამოიყენებო. შესაბამისად, მეც აღარ მაქვს დასაკარგი დრო და მაქსიმალურად მინდა, რომ ჩემი ყველა შანსი რაც ჩემს კარიერაში დარჩა და არსებობს, მაქსიმალურად გამოვიყენო“, – განაცხადა გიორგი გველესიანმა.

ფეხბურთელმა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ასევე იხილეთ