top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენთვის მიუღებელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არსებული ჩანაწერები, რის გამოც საბოლოო დეკლარაციას ხმა არ მივეცით

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, ქართულმა დელეგაციამ რატომ არ მისცა ხმა ეუთოს რეზოლუციას.

„თავდაპირველად რეზოლუციის ორიგინალი ტექსტი, ანუ ის, რაც შეადგინა თავად მომხსენებელმა, რომელთანაც ვიმუშავეთ, იყო ძალიან კარგი ტექსტი, რომელშიც აღწერილი იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე ის, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ასახული იყო ყველა საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. შემდეგ, ასამბლეის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკული მხარის მიერ გაჩნდა წინადადება შესწორებისა, რომელზეც მყისიერი რეაგირება გვქონდა, ჩვენი საელჩოც ესაუბრა შესწორების ავტორს, რომ ეს არ იქნებოდა საქართველოს ინტერესების ამსახველი. მიუხედავად ამისა, ეს შესწორება მაინც დადგა კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე გამოვედი სიტყვით და გავაკრიტიკე წინადადება, ვთქვი, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა როგორც ამერიკის გაცხადებულ პოზიციას, ისე ეუთო-ს პოზიციას. კომიტეტზე ავტორებმა არ გაითვალისწინეს ჩემი მოთხოვნა, შესწორება უკან გაეწვიათ. შემდეგ პლენარულ სხდომაზე მქონდა გამოსვლა და ეს შესწორება განსაკუთრებით მწვავედ შევაფასეთ, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, მტკივნეული იყო. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, შესწორების ამერიკელი ავტორებიც, რომლებიც კონგრესმენები არიან, მიხვდნენ, რომ რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს და დღეს თავადვე მოითხოვეს, ასამბლეას არ მიეცა ხმა ამ შესწორებისთვის. შესაბამისად, ეს პარაგრაფი დოკუმენტს არ დაემატა.

გარდა ამისა, არის კიდევ ორი ჩანაწერი, რომელიც ასევე ამერიკული მხარიდან წამოვიდა და რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ერთი ეხება არჩევნებს და იმის გათვალსიწინებით, რომ ეუთოს წევრი 57 ქვეყანაა, აქედან კი წელს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რვაში ჯერ კიდევ ჩასატარებელია, საქართველოს გარდა, სხვა არჩევნები ნახსენები არ იყო. შესაბამისად, ვეწინააღმდეგებით საქართველოს გამოყოფას მაშინ, როდესაც სხვა არჩევნებიცაა ჩასატარებელი. ეს არ არის დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხი იყო.

მეორე იყო პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხი, თითქოს საქართველოში პოლარიზაცია არის პრობლემური და მთავრობას მოუწოდებენ, მის აღმოფხვრაზე იზრუნოს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოში არ არის პოლარიზაცია, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაცია ასევე არის სხვა ქვეყნებშიც. მიუღებელია, როდესაც მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობენ და არ საუბრობენ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე იგივე აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში თუ ეუთოს წევრ სხვა ქვეყნებში. აქაც ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ შეიძლება ერთი კონკრეტული ქვეყნის გამოყოფა და პრობლემა თუ არის, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი ევროპის და დასავლური საზოგადოების პრობლემა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გამოყოფა მიზანმიმართული დისკრედიტაცია იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო, ხმა არ მივეცით საბოლოო დეკლარაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ