top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძემ ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელეას წარუდგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე ჩრდილოეთ მაკედონიაში, მიმდინარე წლის მაისში, ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა.

ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის გაერთიანებული მისიის ხელმძღვანელის რანგში აკვირდებოდა.

„ჩვენი დელეგაცია 72 დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის იყო 54 პარლამენტის წევრი 25 სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას ჩრდილოეთ მაკედონიისა და მისი ხალხის მიმართ“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიის ერთობლივ დასკვნებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში და ადამიანის ძირითადი უფლებები იყო დაცული, თუმცა ხაზი გაუსვა რომ პროცესი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მოწესრიგებული.

“მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები იყო ეფექტურად ორგანიზებული, თუმცა წინასაარჩევნოდ ხმების მოსყიდვის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა გავლენა მოახდინა პროცესისადმი ნდობაზე,“ – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით საბოლოოდ, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი იყო მოწესრიგებული, გამჭვირვალე და დადებითად შეფასდა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, საარჩევნო კომისიები სრულად არ იცავდნენ ხმების დათვლის დროს დადგენილ პროცედურებს.

„არჩევნებთან დაკავშირებით ODIHR-ის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება უახლოეს თვეებში და ჩვეულებისამებრ ის მოიცავს რეკომენდაციებს და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება ჩრდილოეთ მაკედონიას, ქვეყნის საარჩევნო სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ