top_leaderboard

კახა ცხადაძე: სხვა ეტაპზე გადავედით – თუ გულშემატკივრობდნენ, ვთქვათ, ესპანეთის, არგენტინის ან გერმანიის ნაკრებს, დღეს არის საქართველოს ნაკრები

„გამოჩნდა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა. ამას ყოველთვის ვამბობ და ყველა ვეტერანი ფეხბურთელი ამას აღნიშნავს”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ.

მან აღნიშნა, რომ არის იმის პოტენციალი, რომ ბევრი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს მაღალი დონის ლიგებში.

„ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები არის არა მხოლოდ იმის საშუალება, რომ გუნდმა აჩვენოს თავისი სახე. როდესაც წარმატებულია გუნდი, იქ აუცილებლად ინდივიდუალური წარმატებებიც არის. ჯერჯერობით, სამი ფეხბურთელია ტოპ-ლიგებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გვაქვს ის პოტენციალი, რომ სამიც იყოს და ექვსიც და ეს მოხდება.

გამოჩნდა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა. ამას ყოველთვის ვამბობ და ყველა ვეტერანი ფეხბურთელი ამას აღნიშნავს. ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გზა გაეხსნათ დანარჩენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. გუშინდელი საღამოს შემდეგ რამდენიმე ათასი ბავშვით გაიზრდება ჩვენი საფეხბურთო სკოლები. ეს არის ყველაზე მთავარი. სადაც არის მასიურობა, იქ არის კონკურენცია და ამ კონკურენციაში გამოდიან დიდი ფეხბურთელები, რომლებსაც დღეს საქართველოს ნაკრებში ვხედავთ.

სხვა ეტაპზე გადავედით – თუ გულშემატკივრობდნენ, ვთქვათ, ესპანეთის, არგენტინის ან გერმანიის ნაკრებს, დღეს არის საქართველოს ნაკრები, დამთავრდა, სხვა ნაკრები აღარავის აინტერესებს“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ