„პირველი დღიდან უკვე, როდესაც ჩვენი ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, ყველანი კმაყოფილები ვიყავით”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის ჩემპიონატზე სულ რომ არაფერი მომხდარიყო, ისედაც ძალიან დიდი საქმე გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა.
„ძალიან დიდი სიხარული მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და ამისთვის დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამხელა შედეგის ჩვენებაში. დარწმუნებული ვართ ყველანი, რომ ეს არ არის ერთჯერადი, არ არის მარტო დღეს, ეს იქნება ხვალ, უფრო უკეთესი და უფრო უკეთესი. ამ ეთერში ვიყავი, როდესაც ვთქვი, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყოველდღე ახალი ფურცელი დაწერონ-მეთქი და ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ყოველდღე დაწერეს ახალი ფურცელი.
აბსოლუტურად ყველა გაოგნებულია და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ერთია, რომ ჩვენი ნაკრები ამხელა ტურნირზე მოხვდა და ძალიან დიდი მიღწევაა. ეს ყოველთვის უნდა აღინიშნოს, იმიტომ, რომ ამაში დიდი შრომა ჩაიდო, მაგრამ შემდეგ, როდესაც ასეთი სახით გამოჩნდება, ეს უკვე დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი სიხარულია ჩვენი გულშემატკივრებისთვის.
ყველამ აღნიშნა, რომ ეს გუნდი არ იყო შემთხვევით მოხვედრილი. ყველაზე მთავარი რაც იყო, ეს იყო გუნდურობა, ეს იყო თავდადება, ეს იყო ჟინი, რომელიც გენში გვაქვს და ყოველთვის იქნება, მაგრამ ასე გამორჩეულად თუ აღნიშნავდნენ ამას, ნამდვილად არ მეგონა“, – აღნიშნა კახა ცხადაძემ.