ნიკა კვეკვესკირი: სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს
ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც თავის კლუბს, „ლეხ პოზნანს“ შეუერთდება. გამგზავრებამდე მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
„ევროპის ჩემპიონატზეც ვგრძნობდით საქართველოდან წამოსულ პოზიტიურ ენერგიას. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ ვიდეოს ვხედავდით, რაც ენერგიით გვავსებდა ჩემპიონატის დროსაც, მაგრამ აქ რაც მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე მგონი სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს და კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ჩვენ, ფეხბურთელები და ალბათ, მთელი საფეხბურთო ევროპა, იმიტომ რომ ყველგან გავრცელდა ეს კადრები და ყველა შოკში იყო დადებითად, იმით თუ რამდენად უყვართ საქართველოში ფეხბურთი.
რაც შეეხება წასვლას, ასეთი რთული არასოდეს ყოფილა საქართველოს დატოვება, იმიტომ რომ მიხარია, რომ ჩვენს ერს ვხედავ ბედნიერს, ერთიანს და პოზიტიური ენერგიით სავსეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ამისთვის“, – განაცხადა კვეკვესკირმა.