აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მიხეილ ქორიძის სახლზე მემორიალური დაფა განთავსდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც აფხაზეთში, საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული, მიხეილ ქორიძის მემორიალური დაფის მის საცხოვრებელ სახლზე განთავსების საკითხი განიხილეს.
მიხეილ ქორიძე (‘’ხულიგანა’’) 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაში, ბზიფის ხეობაში, სოფელ კოლხიდაზე შეტევის დროს, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მიხეილ ქორიძე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში, ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა. იბრძოდა ბატალიონ “შავნაბადას” რიგებში. დაჯილდოებულია მედლით – “მხედრული მამაცობისთვის”.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, კობა კობალაძეს მადლობა გადაუხადა იმ კოორდინირებული თანამშრომლობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თბილისის საკრებულოსა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას შორის, წლების განმავლობაში მიმდინარეობს.
„ჩვენ, ერთი თაობის ვიყავით, ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგეთ. რატის და მიშიკოს დაკარგვა, მთელი თბილისის ტრაგედია იყო. კომისიაზე შემოვიდა საკითხი, რომ მიშიკოს სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ბატონი კობა პირადად იცნობდა ამ ბიჭებს და მინდა, მადლობა ვუთხრა მობრძანებისთვის და ჩართულობისთვის,” – განაცხადა კომისიის სხდომაზე კახაბერ ლაბუჩიძემ.
„პირველი წლები იყო, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას ეზიარა და ამ პერიოდში, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიც გამოჩნდა. მაშინ არ იყო ჯერ კიდევ სახელმწიფო ინსტიტუციები და დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის ძერწვა მხრებზე დაედოთ სწორედ ამ გულანთებულ და შემართულ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი მათგანი იყო მიშიკოც, რატიც, ზურაც და ბევრი ჩვენი თანამებრძოლი. მე ვიყავი იმ პერიოდში უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელი, ჩემზე უკეთესები იყვნენ თითოეული მათგანი, მაგრამ მე, მეთაურის სტატუსი მქონდა მონიჭებული. ეს ბიჭები იყვნენ სუფთები, ლაღები და ვაჟკაცები. ასეთი გმირების სახელი არის უკვდავსაყოფი. ისინი იყვნენ არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცები, არამედ სამაგალითო მეგობრები და თანამებრძოლები. მათი თავგანწირვით იწერებოდა ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის პირველი წლების ისტორია,”- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას კობა კობალაძემ.