top_leaderboard

ომის ვეტერანებმა ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა, სამსახურის წარმომადგენლებმა,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, თბილისის სპორტის სასახლეში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, ლევან თედიაშვილი, 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა. 2005 წლიდან, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია. იგი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა; იყო თბილისის საპატიო მოქალაქე; მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.

1993 წელს, აფხაზეთის ომში, ლევან თედიაშვილის ვაჟი, ვახტანგი, მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად; ლევანიც ფრონტის ხაზისკენ, შვილთან ერთად გაემართა. 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, რუსული სადესანტო ჭურვის მიერ აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა მისი 19 წლის ვაჟი, ვახტანგი:

„როცა ვახტანგი აფხაზეთში გაემგზავრა, მეც ჩავჯექი თვითმფრინავში და მასთან ერთად წავედი. ჩემი შვილი ომში მიდიოდა და მე სახლში დავრჩებოდი?! მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, როცა ბაბუშერას აეროდრომი დაიბომბა და თვითმფრინავი აფეთქდა, ვერაფერი ვუშველე… საავადმყოფოში, ჩემს ხელში დალია სული… მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას, ძალიან რთული გზა მაქვს გავლილი”, -იხსენებდა ლევან თედიაშვილი.

ლევან თედიაშვილი, დღეს, საგარეჯოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!

ასევე იხილეთ