top_leaderboard

არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომელთაც ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება აქვთ ყველაფრის მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ჯილდოს მიღების გამო ფეხბურთელების ბულინგს გამოეხმაურა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ისინი ცდილობენ ისეთი უნივერსალური საკითხების გადაკეთებას და პოლიტიზებას, როგორიცაა მადლიერება, ღირსების პატივისცემა, საქართველოსი და საერთო წარმატების აღნიშვნა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას შეფასების გარეშე არ დარჩება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტანს ისეთი ადამიანები დასცინიან, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.

 

ასევე იხილეთ