რომელი დაავადებების რისკი იზრდება სისხლში შარდმჟავას დონის მომატების დროს?
გვესაუბრება აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რევმატოლოგი.
რომელი დაავადებების რისკი იზრდება სისხლში შარდმჟავას დონის მომატების დროს?
ჰიპერურიკემია – შარდმჟავას დონის მომატება სისხლში, საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, ვლინდება მოსახლეობის 27%-ში.
სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე იწვევს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის ზრდას:
- პოდაგრა (ნიკრისის ქარი)
- არტერიული ჰიპერტენზია
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ინფარქტი, ინსულტი…)
- თირკმელკენჭოვანი დაავადება; თირკმლის უკმარისობა
- მეტაბოლური სინდრომი
- დიაბეტი
რა შემთხვევაში უნდა ავიღოთ ანალიზი?
თავად ჰიპერურიკემია არ იწვევს ჩივილებს. ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, რომ მათ აქვთ სისხლში მაღალი შარდმჟავა, ვლინდება მარტივი ლაბორატორიული ანალიზით.
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- არტერიული წნევის ციფრების მატება
- სახსრების მორეციდივე მწვავე ანთება
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- თირკმელკენჭოვანი დაავადება; თირკმლის უკმარისობა
- სიმსუქნე
- დიაბეტი
- შარდმდენი პრეპარატებით მკურნალობა
- სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება
- ფეხმძიმე ქალებში, რომელთაც აქვს არტერიული წნევა მომატებული. ამ შემთხვევაში, შარდმჟავას მატება ასოცირდება გართულებებთან – კლინიკურად მნიშვნელოვანი პრეეკლამფსიის განვითარებასა და არასასურველ გამოსავალთან.
ჰიპერურიკემიის დადგენის შემთხვევაში, ექიმი ჩაგიტარებთ შესაბამის დიაგნოსტიკას, დაგინიშნავთ მკურნალობას. მოგაწვდით ინფორმაციას იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც იწვევს სისხლში შარდმჟავას დონის მატებას.
“ჩაფიძის გულის ცენტრში” შესაძლებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თანმხლები დაავადებებისა და კარდიოლოგიური პროფილის გათვალისწინებით.