top_leaderboard

გიორგი გველესიანი: ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი თამაშის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ გადაცემულ ფულად ჯილდოზე „იმედის კვირაში“ საუბრობს და ამბობს, რომ პრემიები ფეხბურთში მიღებული პრაქტიკაა. მისივე თქმით, ხშირად ცდილობენ ფეხბურთელების განცხადებას პოლიტიკური სარჩული მიაკერონ, თუმცა ნაკრების წევრები თავიანთ საქმეს პოლიტიკის მიღმა აკეთებენ.

„დაფასება ყველა ადამიანს სჭირდება, როგორც ჯილდოთი, ასევე ფინანსურად. გასაგებია, რომ ჩვენ გასამრჯელოს ვიღებთ გაწეულ შრომაში, მაგრამ ფეხბურთში პრემიები მიღებული პრაქტიკაა. ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით.

ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენს ნებისმიერ განცხადებას გარკვეულწილად პოლიტიკურ სარჩულს აბამენ და ცდილობენ, ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ, თუმცა ჩვენ გვინდა ამ პოლიტიკის მიღმა ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს”, – განაცხადა გიორგი გველესიანმა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა.

ასევე იხილეთ