დავით ზალკალიანი: NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის მნიშვნელოვანი გზავნილი, ჩვენი მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ალიანსში ინტეგრაციის კუთხით
„საქართველოს მონაწილეობა NATO-ს ვაშინგტონის სამიტში კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება NATO-ში ინტეგრაციის კუთხით“, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის მნიშვნელოვანი გზავნილი NATO-ს მხრიდან, რაც არის დასტური იმისა, რომ NATO საქართველოს განიხილავს, როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას. ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფორმატში, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა.
„ამ ფორმატში მას ექნება შესაძლებლობა, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებით, რომლებიც შექმნილია რეგიონში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო სამიტი იქნება და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, თავის პარტნიორებთან, ალიანსის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, კვლავ განიხილოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კითხვაზე, სამიტის დეკლარაციაში იქნება თუ არა ჩანაწერი ღია კარის პოლიტიკის შესახებ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მოლოდინია, რომ ქვეყნის პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული.
„მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ სიტუაცია ძალიან სწრაფად და დინამიკურად შეიცვალა მთლიანად რეგიონში, გლობალურადაც. განსაკუთრებით, ორი-სამი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ NATO ახალი გამოწვევების წინაშე დგას და სწორედ ეს გარემოება კარნახობს ასევე სხვა ინტეგრაციულ პროცესებს. საქართველო ვერ განიხილება იზოლაციურად და მოწყვეტილად ამ პროცესებისგან. ჩვენი მოლოდინიც არის, რომ ჩვენი პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული. და მე სწორედ ამის მოლოდინი მაქვს, რომ ეს საიუბილეო სამიტია, საიუბილეო სამიტზე განსხვავებული ფორმატია და მოლოდინი არ არის, რომ რამე სახის კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუმცა ქვეყნის პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.