სოზარ სუბარი: კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ გარედან, არჩევნებში მაინც დამარცხდებიან
“26 ოქტომბერს საქართველოში ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას, ეროვნული ღირებულებების დაცვასა და სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, ანუ რადიკალებმა როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ გარედან, ისინი არჩევნებში დამარცხდებიან.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა სახეს ვერ შეიცვლის და ნებისმიერი მათი კონფიგურაცია ყველენაირ ღირებულებისგან იქნება დაცლილი. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც პარტია „ლელო“-ს და გახარიას პარტიის განცხადებები. ბოლო ორი კვირაა, „ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ხედვებთან ყველაზე ახლოს სწორედ გახარია და მისი პარტია დგას და გახარიაც იმავეს აცხადებს „ლელოზე“. ამ დროს კი, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ანაკლიის პორტის გაჩერებას ხაზარაძე-ჯაფარიძე გიორგი გახარიას აბრალებდნენ და აცხადებდნენ, რომ მან ამ შემთხვევაში რუსეთის, პირადად პუტინის დაკვეთა შეასრულა. კარგად გვახსოვს ისიც, როგორ უწოდებდნენ მას „თვალთხარიას“, პირსისხლიან მინისტრს და ა.შ. თავის მხრივ, გიორგი გახარია ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტს თაღლითებს და ბიუჯეტის ქურდებს უწოდებდა, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად მისაღებები არიან.
ასეთივე მაგალითია პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც რადიკალებისთვის იყო რუსეთის აგენტი, პუტინის მავნებელი რეზიდენტი და დღეს, უცებ, მათთვისვე ფსევდო „პროდასავლური“ ფრონტის ლიდერი გახდა.
ფაქტია, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ გარედან, ისინი არჩევნებში დამარცხდებიან. ამას აჩვენებს ყველა კვლევა და ასევე, ქართველი ხალხის განწყობა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ისიც – რა უბედურებაში გახვევს კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყანას, თუ ისინი ძალაუფლებას დაიბრუნებენ. ასე რომ, 26 ოქტომბერს საქართველოში ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას, ეროვნული ღირებულებების დაცვასა და სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.