New York Times: მამარდაშვილმა იმაზე მეტი გოლის გაშვება აღკვეთა, ვიდრე ლიგის სხვა ნებისმიერმა მეკარემ და თავისი შთამბეჭდავი ფორმის დემონსტრირება ევროზეც მოახდინა
„ევრო 2024-ზე გმირობის შემდეგ, ელოდება თუ არა ქართველ მეკარეს მსხვილი ტრანსფერი?“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The New York Times გიორგი მამარდაშვილის შესახებ.
გამოცემა, ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედ მოიხსენიებს და მის სტატისტიკას უსვამს ხაზს.
„ეს ქართველი მთა-კაცი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. მან ოთხ თამაშში 30 „სეივი“ შეასრულა, რაც ერთ ტურნირზე დაფიქსირებული მეორე საუკეთესო შედეგია 2008 წელს, იგორ აკინფეევის მიერ რუსეთისთვის შესრულებული 32 „სეივის“ შემდეგ“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველო ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან, ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხის გამო გამოეთიშა – „თუმცა, მეკარის გმირობა სიურპრიზი არ ყოფილა არავისთვის, ვინც მას „ვალენსიას“ გასულ სეზონში ადევნებდა თვალს. 23 წლის მამარდაშვილი გერმანიაში ჩავიდა, როგორც ლა ლიგის საუკეთესო მეკარე. მან იმაზე მეტი გოლის გაშვება აღკვეთა, ვიდრე ლიგის სხვა ნებისმიერმა მეკარემ და თავისი შთამბეჭდავი ფორმის დემონსტრირება ევროზეც მოახდინა“, – წერს New York Times.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტურნირამდე, მამარდაშვილი რიგ ევროპულ კლუბებს უკვე ჰყავდათ მხედველობის არეში, მათ შორის, „ნიუკასლ იუნაიდედს“, „ატლეტიკო მადრიდს“, „რეალ მადრიდს“, „ბაიერნს“ და „ინტერ მილანს“, თუმცა, სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ზაფხულს, მეკარის გამორჩეულმა ასპარეზობამ მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ აჟიოტაჟი გაზარდა.
„მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების გმირი იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მწვერვალზე მყოფი სახიფათო მოთამაშე, როდესაც მათ პორტუგალიას 2:0 სძლიეს და თავიანთი პირველი მსხვილი ტურნირის პლეი-ოფში გავიდნენ თურქეთთან მარცხისა და ჩეხეთთან ფრედ თამაშის შემდეგ. მამარდაშვილმა რეკორდული, 21 „სეივი“ შეასრულა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე – რვით მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეკარემ და 3.6 უტყუარი გოლი აღკვეთა (xGOT-ს გამოთვლით). ეს საუკეთესო შედეგი იყო ჯგუფური ეტაპის მთელი ისტორიის განმავლობაში. საქართველოს ნაკრების მატჩის მსვლელობისას, თუ მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 მარცხის ჩავთვლით, მან 3.17 უტყუარი გოლისგან იხსნა თანაგუნდელები“, – აღნიშნავს გამოცემა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეკარეს, „ვალენსია“ დაახლოებით 50 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა, მას კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს 100 მილიონის ევროს ოდენობით გამოსასყიდი პუნქტით.