მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა და ბონუსქულა მოიპოვა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, მეტოქეს 4 ლელო დაუდო, ბონუსქულა მოიპოვა და 28:17 მოიგო.
პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ქართველ მორაგბეებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იტალიელების ბონუსქულით დამარცხება სჭირდებოდათ (ამასთან, უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სხვა თამაშის შედეგზეც იყვნენ დამოკიდებულნი).
იტალიელები შეხვედრის დასაწყისში დაწინაურდნენ, მაგრამ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მალე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – მიხეილ ხახუბიას მიერ დადებული ლელო ლუკა ცირეკიძემ ზუსტად გარდასახა, ტაიმის ბოლოსკენ კი იტალიელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 14:10 მოიგეს.
მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით უტევდნენ და 61-ე წუთზე ხაინდრავამ ლელო ძელებს შორის დადო, ცირეკიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 21:10.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიხეილ ყაჩლავაშვილმა მეოთხე ლელო დადო და საქართველოს ნაკრებს ბონუსქულა მოუტანა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თავისი ამოცანა დადებითდ გადაწყვიტეს, იტალია ბონუსქულით დაამარცხეს. იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელოს ბრძოლა, C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისთან ისე უნდა დამარცხდეს, ბონუსქულის აღება ვერ მოახერხოს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ავსტრალიასა და ირლანდიას შორის უამინდობის გამო არ შედგა და გუნდებს 2-2 ქულა დაემატათ.