„თიბისი კაპიტალი”: ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება
„ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო”, – ამის შესახებ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია “თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილებულია ძლიერ ტურისტულ ნაკადზე, ბოლო პერიოდში მიგრაციის ეფექტის სტაბილურობაზე და ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე.
როგორც კომპანიის მიმოხილვიდან ხდება ცნობილი, საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, გზავნილების ანალიტიკური შეფასება, გასულ წელთან შედარებით, მზარდ დინამიკას აჩვენებს. გარდა ამისა, პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო. ძალზედ ძლიერია ტურისტული შემოდინებები, მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში დიდწილად სტაბილურია. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, გზავნილების ანალიტიკური შეფასება, განსხვავებით მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილების სტატისტიკისაგან, გასულ წელთან შედარებით მზარდ დინამიკას აჩვენებს.
პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, 2.7%-ის შესაბამისია და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია. ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც სულ მცირე ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდება.
ლარის კურსის მხრივ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენცია შეინიშნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, საბაზო სცენარი უფრო ნეიტრალურია. საკუთრივ, წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა, ტრადიციულად, გაცვლით კურსზე სენტიმენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მხრივ, შეფასება ასევე დიდწილად ნეიტრალურია, მიუხედავად იმისა, რომ თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით კი, მართალია ე.წ. საშუალოვადიან ინდიკატორებზე დაყრდნობით, თუმცა, ევროს გამყარება მაინც საბაზო სცენარად განიხილება”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.