დავით მათიკაშვილი: ჩვენი სახელმწიფო და ხალხი ევროპისკენ სვლას არ ანელებს
“ყველა ჩვენმა მეგობარმა, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, უნდა აღიაროს საქართველო, როგორც სუვერენული ქვეყანა. უნდა მიიღონ მოცემულობად, რომ ქვეყანას გააჩნია სრული უფლება, შემოდინებული თანხების წარმომავლობა და ხარჯვის დანიშნულება და მიზნობრიობა გაასაჯაროებინოს NGO სექტორს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ეს არის ის სუვერენიტეტი, რომელსაც იცავს საფრანგეთი, აშშ, გერმანიაც თავისი კანონმდებლობით, ასევე, საქართველოსაც აქვს უფლება დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. აქ არის ურთიერთპატივისცემის, ღირსეული ევროპელობის, ევროკავშირის ღირსებული წევრობის ფორმულა, რომელიც სხვანაირი არც შეიძლება იყოს. ეს გადის ქვეყნის სუვერენიტეტზე და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ქართველ ხალხს თავისი ევროპული არჩევანი გადაწყვეტილი აქვს. თავის დროზე მიღებულია ეს ეროვნული გადაწყვეტილება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის კონსტიტუციაში არის პირდაპირი ჩანაწერი გაკეთებული. ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი სწრაფვას და სვლას ევროპისკენ არ ანელებს. ქვეყანა იმ გაცხადებული პოლიტიკით აგრძელებს სვლას, რომლის თანახმად, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.