NATO-ს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ბელგიელ კოლეგას აჯა ლაბიბს შეხვდა
NATO-ს სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა NATO-ს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს.
ყურადღება გამახვილდა NATO – საქართველოს თანამშრომლობისა და ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის ძირითად ასპექტებზე. ხაზი გაესვა საიუბილეო სამიტში პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო არის ალიანსის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი რეგიონში და მისი მონაწილეობა ვაშინგტონის სამიტზე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ხაზი გაესვა ასევე საქართველოს მიერ გაწეულ კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
ბელგიასთან, როგორც ევროკავშირის ყოფილ თავმჯდომარე ქვეყანასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა 2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რამაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის.