ილია დარჩიაშვილი: საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს პარტნიორებთან ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისთვის
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი NATO-ში ინტეგრაცია და სწრაფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, თანმიმდევრულად მუშაობს ამ მიმართულებით.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტის მთავარ თემას უკრაინის საკითხი წარმოადგენს. მისივე განმარტებით საიუბილეო, 75-ე სამიტი კარგი პლატფორმაა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისა და გამოწვევების განხილვისათვის.
„როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა და პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მეორე მხრივ ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებენ უკრაინას, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის სამიტის მთავარი თემა,” – აღნიშნა დარჩიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელით გამართულ საიუბილეო მიღებას. გარდა ამისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
„ეს არის ძალიან ინტერაქციული შეკრება, სადაც მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, გაცვალონ მოსაზრებები სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს ყოველთვის აქვს მზაობა, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პლატფორმა მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ცალსახა პოზიცია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სამიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა უცხოელ კოლეგებთანაც.