ვატო შაქარიშვილი: ევროპული ცივილიზაცია თუ რამეზე იდგა, ეს იყო ქრისტიანობა, დღეს ევროკავშირში ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება გამოგონილი რელიგიით, რომელსაც ლგბტ იდეოლოგია ჰქვია

x

„ის, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, არ გამორიცხავს იმას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გარშემო რაციონალური მსჯელობა იყოს დასაშვები. ევროპა არსებობდა ევროკავშირამდე და მის შემდეგაც იარსებებს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ჩნდება კითხვა – არის თუ არა ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში.

„რა მომავალი აქვს ამ კავშირს, რომელიც აღარაფერზე აღარ დგას და აღარაფერი აერთიანებს. ევროპული ცივილიზაცია თუ რამეზე იდგა, ეს იყო ქრისტიანობა, დღეს ევროკავშირში ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება გამოგონილი რელიგიით, რომელსაც ლგბტ იდეოლოგია ჰქვია. ამ კავშირს ის საფუძველი ეცლება, რაც ჩვენთვის ახლობელია და გვაკავშირებდა ევროპასთან. ამიტომ ვსვამთ კითხვას – რამდენად არის ევროინტეგრაციის საკითხი შესაბამისობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და ამაზე მსჯელობა არ შეიძლება იყოს აღქმული დანაშაულად. სად მივდივართ, რატომ მივდივართ და რას ველოდებით იქიდან? ბენეფიტებთან ერთად, არასდროს არის საუბარი იმაზე, რა პრობლემებია იქ, როდესაც კონკრეტულ გაერთიანებაში შედიხარ, როგორც ისარგებლებ ბენეფიტებით, ასევე ხდები პრობლემების თანაზიარი. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის პირველ კვარტალში 8.4% იყო, ევროკავშირის – 0.5%. ეს არ დაწყებულა გუშინ და დღეს, ამიტომ ომის რიტორიკა, ეკონომიკური კრიზისები, მიგრაციული კრიზისები, ღირებულებითი კრიზისები, ეს არის ევროკავშირში და მოდი დავსვათ კითხვა – რამდენად შეესაბამება ამ კავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ამოცანებს?

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ამ საკითხის მძევალია, პარალელებს ვავლებთ უკრაინასთან, რომელიც 2013 წელს იყო ამ საკითხის მძევალი და ამის გარშემო დაიწყო ის გრძელვადიანი კოშმარი, რომელიც 10 წელია, უკრაინის თავზე ტრიალებს და გრძელდება უმძიმესი ტრაგედიით, ომით, რომლის დასასრულზე არავინ ლაპარაკობს, არამედ ყველაფერი კეთდება, რომ ომი გახანგრძლივდეს. უკრაინის სახელმწიფოებრიობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი მაგალითები გვაქვს და ასევე გვაქვს ჩვენი გამოცდილება – ჩვენ გვქონდა აგვისტოს ომი, დავკარგეთ დროებით ტერიტორიები, რომლის მიმართაც მიდიოდა დათმობის პოლიტიკა, ძალიან ახლოს ვიყავით ხელშესახებ შედეგებთან და ვის ინტერესებს ემსახურებოდა ამ მოცემულობის შეცვლა და იქამდე მისვლა, რომ დღეს 30 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას, ამაზე პასუხი საზოგადოებას დიდი ხანია აქვს. ძალიან მძიმე პრეცედენტები შექმნა ამერიკამ და ევროკავშირმა ისეთი სუბიექტების ხელისუფლებაში მოყვანით, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვთ. ეს მავნე პრეცედენტები ჩვენს საზოგადოებაში საფრთხის სიგნალს აგზავნის და აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და პოლიტიკურ სპექტრში ეგულებოდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ სიმართლეს ეტყვიან“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ასევე იხილეთ