top_leaderboard

ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – გიგა ნიკოლეიშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – ლევან ღირსიაშვილი და სხვა მონაწილე უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტების დროს ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირებასა და შემდგომ გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში, სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე, საველე ვარჯიში გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.

სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა, ასევე, მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

უწყებათაშორისი სწავლება გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ – ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.

ასევე იხილეთ